Thursday, February 11, 2010

ჰიპები დღეს


ამ ყვავილოვან სუბკულტურას წარსულიდან დღემდე სასიამოვნო სურნელი ასდის. მაგიური მუსიკა, თავისუფალი ჩაცმულობა, თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სიყვარული. ყოველივე ეს მიმზიდველად ჟღერს.

იბადება კითხვა - არსებობენ თუ არა ჰიპები დღეს? რა არის "ჰიპობა"? ატრიბუტიკა, რომელიც პრინციპში თანამედროვე ახალგაზრდობამ მარტივად გადმოიღო წინაპრებისგან, თუ იდეოლოგია?

თანამედროვე პროტო-ჰიპები 60იან წლებზე ბევრად ადრე გამოჩნდნენ, ოკეანის გამოღმა, გერმანიაში XIX საუკუნის მიწურულს. სწორედ ისინი იყვნენ ჰიპური სუბკულტურის ფუძემდებლები, რომელმაც შემდგომ განვითარებას ამერიკაში მიაღწია. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა რაღაც ნაწილი, რომელიც იმ ეპოქის დოგმებისგან ითავისუფლებდა თავს. კონსერვატიზმს ყოველთვის უპირისპირდებოდა ანტიკონსერვატიზმი, ყოველთვის არსებობდა კონტრკულტურული დამოკიდებულება და ეს არ არის მხოლოდ 60-იანი წლების ფენომენი. იმას, რასაც ჰიპურ იდეოლოგიას ვეძახით ძველ საბერძნეთშიც შეიძლება ვიპოვოთ ცინიკოსების სახით. 

XX საუკუნის დასაწყისში კულტურამ თავისთავში მოიცვა: გაბატონებული ჩაცმულობის სტილი, გაბატონებული მუსიკის მიმდინარეობები, გაბატონებული ძალადობა და ამიტომაც შეიქმნა ახალი ჩაცმულობა, ახალი მუსიკა - ეს ყველაფერი კონტრკულტურული აზროვნების გამოხატულება იყო. 60იანი წლებიდან დიდმნიშვნელოვნად იცვლება მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია. მაგრამ რთულია იმის თქმა მუსიკის განვითარებამ მოახდინა ზეგავლენა ჰიპურ სუბკულტურაზე თუ პირიქით, ორივე ამაზე ძირითადი გავლენა იქონია იმან, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მზად აღმოჩნდა მიეღო სიახლე, მზად აღმოჩნდა გამოეხატა კონტრკულტურული დამოკიდებულება. 

მილიონობით ადამიანი მოუწოდებდა კაცობრიობას საზღვრების გაუქმებისკენ დედამიწაზე და გრძნობებში, დოგმების განადგურებასა და მშვიდობისკენ. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამ სუბკულტურამ უმრავლესობის აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა და დღემდე ახდენს ჩვენაბდე მოღწეული ხელოვნებით. 

"Look what's happening out in the streets
Got a revolution Got to revolution
Hey I'm dancing down the streets
Got a revolution Got to revolution
Ain't it amazing all the people I meet
Got a revolution Got to revolution"

Jefferson Airplane - "Volunteers"

დღეს ე.წ. "ჰიპური სამოსი" მოდაშიც კი შემოვიდა. 60-იანების ჰიპურ იერს იარლიყი მიაკრეს ბურჟუებმა, ტანსაცმლით ვეღარ გამოხატავ შენს დამოკიდებულებას. რთულია განსაზღვრო ქუჩაში ნანახი ყვავილებიანი და ბუმბულებიანი გოგონა ჰიპურ იდეოლოგიას იზიარებს, თუ რომელიმე ცნობილი დიზაინერის 500$-იანი მაისური აცვია.

რაც შეეხება ჰიპურ იდეოლოგიას, ის ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საუკუნეს მივაკუთვნოთ. ამ იდეოლოგიის მოძრაობები სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება: ზოგ ეპოქაში ერეტიკოსებს ეძახდნენ მასეთ ხალხს, ზოგშიც ცინიკოსებს. შეიძლება თუ არა მათ ჰიპები ვუწუდოთ? სიტყვა ჰიპი რომ XX საუკუნეში წარმოიშვა, არ განაპირობებს იმას, რომ ჰიპობა XX საუკუნეში წარმოიშვა.. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ XVIII საუკუნის ბოლომდე პატრიოტები და ნაციონალისტები არ არსებობდნენ იმიტომ, რომ სიტყვის ფუძეებმა დღევანდელი დატვირთვა საფრანგეთის 1-ლი რევოლუციის დროს შეიძინეს. ეს მოსაზრება დამეთანხმეთ ცოტაოდენ სასაცილოა. სულერთია რა სტატუსი ჰქონდათ ადრე ჰიპური იდეოლოგიის მატარებლებს, ან მომავალში რა სტატუსი ექნებათ, ჭეშმარიტი ის არის, რომ ისინი არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ. განსხვავება ის იქნება რომ ეპოქასთან ერთად ფასეულობები და შესაბამისად პროტესტის გამოხატვის სტილი შეიცვლება.

დღეს საქართველოში კულტურის ნაწილად ქცეულ დეგრადირებული აზროვნების, გემოვნების, მასიური გაუნათლებლობის წინააღმდეგ მოქმედებას შეიძლება ჰიპური ეწოდოს. უბრალოდ მოქმედების გზები ისე აღარ "ყვირის", როგორც 60-იანებში ყვიროდა. პროტესტს სხვა, ეპოქისთის შესაფერისი სახე მიეცა. 

Image Hosting by imagefra.me

No comments:

Post a Comment