Friday, October 15, 2010

ის, რაც ალბათ უნდა დამეწერა




ის ლამაზი იყო, ძლიერ ლამაზი. არაორდინალური სახე, მზიანი ღიმილი..ჭკვიანი, სევდიანი, ტკივილით გაჟღენთილი თვალები ჰქონდა. ზოგჯერ ბედნიერების ტალღას გამოადენდა..ისეთი ემოციით, შეუძლებელი იყო მისი სიცილით არ დაავადებულიყავი და არ გაგეცინა.. იცინოდი, არ იცოდი რა გაცინებდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდი სიცილის ვიბრაციას..იმიტომ რომ ის იცინოდა. იცინოდა ისე გემრიელად, რომ არავინ არასოდეს იგრძნობდა რა ტკივილს ატარებდა მისი გული. ვერც ვერავინ წამროიდგენდა რომ მას მწარე ცრემლებით ტირილი შეეძლო.. რამდენჯერ უტირია ჩემს ოთახში, ღამის 2 საათზე. როგორ სტკიოდა. როგორ ოცნებობდა. როგორი ძლიერი იყო. მე ვერასოდეს შევძლებ ასეთი ძლიერი ვიყო, ვერასოდეს. ახლაც მარილიან ცრემლებს ვყლაპავ და არ შემიძლია გავიღიმო. მას კი შეეძლო არ ეჩვენებინა ადამიანებისთვის თავისი სისუსტე. ახლაც ჩამესმის მისი ხმა - "ან, შენ ძლიერი უნდა იყო! ანე, შენ უნდა იწამო! ან, მე მჯერა შენი!" .. ახლაც ვგრძნობ მის თბილ ხელებს, მის ჩახუტებას.. მახსოვს როგორ ვსაუბრობდით ტელეფონზე მთელი ღამე, როდესაც 15-16 წლისები ვიყავით და ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა..როგორ ვეხმარებოდით ერთმანეთს..ყველა საიდუმლო ვიცოდით. გაგას წერილებსაც კი ვაკითხებდი. სამი მესაიდუმლე მყავდა - ის, ჩემი მეგობარი ხატია და ჩემზე 9,5 წლით უფროსი მეგობარი ბიჭი, ვაჟა, რომელმაც გადამალახინა გარდატეხის ასაკი და რომელსაც დღესაც მოვყავარ ხოლმე გონს. მახსოვს როგორ გვინდოდა ფსიქოლოგიაზე ჩაბარება და ადამიანების დახმარება, მთელი არსებით გვინდოდა, ბევრს ვკითხულობდით, განვიხილავდით, ადამიანებს და მოვლენებს ვაკვირდებოდით. მაგრამ მე მხატვრობა ვარჩიე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, მან კი სამედიცინოში ჩააბარა და კარდეოლოგობა უნდოდა. მას წამდა რომ მე ნიჭიერი მხატვარი ვარ, მე მწამდა მისი სიყვარულის მედიცინისადმი, ვიცოდი რომ მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი იქნებოდა. პირველ კურსზე იშვითად ვნახულობდით ერთმანეთს. ძალიან ვნანობ. ამაზე მეტად ცხოვრებაში ალბათ არაფერს ვინანებ. როგორ მენატრება. მგონი ვერც ერთი სულიერი არსება ვერ იგრძნობს როგორ მენატრება. 

მობილურში აუდიო ჩანაწერი მაქვს, მისი სიცილი.. ინგლისურს ვამეცადინებდი და რატომღაც გაკვეთილი სიცილში გადაიზარდა : )) ბოლოს მივხვდით რომ ნამეტანი ვმხიარულობდით და ჩვენს გაკვეთილებს შედეგი არ ექნება და სხვა მასწავლებელთან წავიდა : )) 

მას უყვარდა როცა წიგნებს ვუკითხავდი, ვერ იტანდა როცა ნერვებს ვიშლიდი ბოროტი ადამიანების გამო, მაგრამ თვითონაც ეშლებოდა ნერვები.. მეჩხუბა როცა მოწევა დავიწყე და ხმასაც არ მცემდა სადღაც ნახევარი საათი : )) ეკლესიური იყო. მე არა. ამაზეც მიბრაზდებოდა, რომ "სტრანნად" მწამდა ღმერთის, ბოლოს შემეშვა.. ეს ჭიდილიც მენატრება. 

"-ანე, შენ ძლიერი უნდა იყო!"

"-ვიქნები მარი, იმიტომ რომ შენ ამის გწამდა!" 

პ.ს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემსავით განიცდის. 

პ.პ.ს. ფოტო გადაღებულია მარის გარდაცვალების წინა დღეს. 

No comments:

Post a Comment